პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
ამის შესახებ კახა კუჭავამ "თბილისი პრაიდის" კვირეულთან დაკავშირებით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცავებს არ მოუწევთ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შემდგომ პოლიტიკური შეფასებების საბაბი გახდება:
"სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, ამაზე მე მგონი კითხვის ნიშანი არ დგება. მე იმედი მაქვს, რომ არ ექნებათ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველას მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას.
ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა ან წახალისება ძალადობისკენ, ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები. თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნამდვილად იყო დაცული," - განაცხადა კახა კუჭავამ "თბილისი პრაიდის" კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით.