16 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
საქართველოში Sinopharm-სა და Sinovac- ის მილიონი დოზა ჩამოვიდა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში Sinopharm-სა და Sinovac- ის მილიონი დოზა ჩამოვიდა. ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა გააკეთა. აქვე, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანა მზად არის, ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს. 

გარდა ამისა, პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ივლისის თვიდან Pfizer-ის ვაქცინაც ეტაპობრივად შემოვა. 

"მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ჩინური ვაქცინები - Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე არის ადგილზე.

ჩვენ ახლა ვართ მზად რომ დავიწყოთ ორშაბათიდან უკვე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. მე, აქვე, მინდა მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოვლის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ, პირდაპირ მწარმოებლებთან. ისე, როგორც მოხდა ამ ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, ჩვენ აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები წარმატებით. დამატებით მილიონს კიდევ ველოდით, ალბათ ერთ თვეში შემოვა კიდევ ნახევარი მილიონი დოზა Sinopharm და ნახევარი მილიონი დოზა Sinovac.  ანუ, ჯამში, ორი მილიონი გვაქვს შეკვეთილი.

ამას გარდა, გეტყვით, რომ Pfizer-თან ჩვენი წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას, კონტრაქტი არის გაფორმებული, ფული გადახდილი გვაქვს მილიონი დოზის თაობაზე. Pfizer-იც ასევე ეტაპობრივად დაიწყებს უკვე ივლისიდან მოწოდებას. აღნიშნული მილონი დოზის მოწოდებას და ჯამში ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საშუალებას,რომ ჩვენს მიერ განსაზღვრული სამიზნე, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები