16 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
ქართველებო არ დანებდეთ, გააგრძელეთ ბრძოლა, ვიდრე საწადელს არ მიაღწევთ, რომ გახდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი - ჯეიმს აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჯილდოსთვის და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი ჯილდოა, რაც ოდესმე მიუღია.

"ეს უდიდესი ჯილდოა, რაც კი ოდესმე მიმიღია და სავარაუდოდ ასეც დარჩება. ამას ვიღებ არამხოლოდ ჩემი, არამედ ნატო-ს სახელითაც. ამ ქვეყნის მოსახლეობამ ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა, რომ იყოს დასავლეთის ნაწილი. ეს დავინახე პირველივე დღეს და ახლაც ვხედავ. ასევე ცხადად ვხედავ, რომ საქართველომ არსებითად წაიწია წინ NATO-ს წევრობისკენ. ვიცი, რომ ხანდახან არის მოსაზრება, რომ ეს არ მუშაობს, ჩვენ ვერ მივიღებთ ამას და არაფერი ხდება, მაგრამ როდესაც დღეს საქართველოს ვხედავ, ეს არის მაღალპროფესიული შეიარაღებული ძალები, გაწვრთნილი, გამოცდილი, პროფესიონალური, თავსებადი, კარგად ფუნქციონირებადი თავდაცვის სამინისტრო, კარგად ფუნქციონირებადი სადაზვერვო სამსახური.

ქართველები იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, სურთ ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლა. რამე თუ ვისწავლე ქართველების შესახებ, ესაა შეუპოვრობა, ქართველებო არ დანებდეთ, გააგრძელეთ ბრძოლა, ვიდრე საწადელს არ მიაღწევთ, რომ გახდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი," - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

თავის მხრივ, პრეზიდენტმაც აპატურაის ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ზოგჯერ ვფიქრობ, ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო პირადი წარმომადგენელი გენმდივნის ნატო-ში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატო-ში. ჩვენ თუ დღეს ვართ ძალიან ახლოს, ღია კართან და ვიცით, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, ეს არის პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფნა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა, დღეს ორბელიანების სასახლეში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პრეზიდენტის გარდა, საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ოპოზიციას შეხვდა.

დღის ამბები