16 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
ვინ შეარჩევს ცესკოს თავმჯდომარეს - კომისიის შემადგენლობა ოპოზიციაში და არასამთავრობო სექტორის ნაწილში კითხვებს აჩენს

დღეს ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად გამოცხადებულია კონკურსის მეორე დღეა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის მსურველებს განცხადებების შეტანა სამშაბათამდე შეუძლიათ.

აპლიკანტებიდან თავმჯდომარეს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების 5 და აკადემიური წრეების 6 წარმომადგენელია.

კომისიის შემადგენლობა ოპოზიციაში და არასამთავრობო სექტორის ნაწილში კითხვებს აჩენს. ღია კონკურსის ვადა პრობლემად მიაჩნია სახალხო დამცველს.

"ძალიან შემოკლებული ვადებია და ეს ვფიქრობ რომ ძალიან სერიოზული გამოწვევა და ბარიერია, რომ  ადამიანებმა ასე მოკლე ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობის თაობაზე," - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, ის ისურვებდა, რომ აკადემიური წრის უფრო მრავალფეროვანი მონაწილეობა ყოფილიყო ამ პროცესში.

კომისიაში ფართო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს არასამთავრობო სექტორსაც. "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის თქმით, იმის ნაცვლად რომ ერთი უნივერსიტეტიდან 3 ადამიანი იყოს წარმოდგენილი, უმჯობესი იქნებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლების ყოფნა.

რა კრიტერიუმით შედგა კომისია, არგუმენტების ნაკლებობაზე საუბრობს ოპოზიციაც. რომან გოცირიძის თქმით, თუ რატომ იქნა ესა თუ ის ადამიანი შეყვანილი კომისიაში, უცნობია. მისი თქმით, ადამიანები, რომელთა პოზიციები საზოგადოებისთვის ცნობილი არაა, როგორც წესი ყოველთვის ხელისუფლების თამაშს თამაშობენ.

 

 

დღის ამბები