ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე? - ღია კონკურსის მეორე დღეს სპეციალური კომისიის წევრებისთვის ჯერჯერობით უცნობია რამდენი განაცხადია შესული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დოკუმენტაციის მიღება სამშაბათს სრულდება. თუმცა მანამდე უკვე კეთდება პოლიტიკური შეფასებები.
ოპოზიციის ნაწილისთვის კითხვებს აჩენს კომისიაში სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა რაოდენობა და პროფესიული მიმართულება. ხელისუფლების ოპონენტები ხედავენ რისკს, კომისიამ მმართველი გუნდისთვის მისაღები კანდიდატურები შეარჩიოს. კეთდება განცხადებები იმაზეც, თუ რა უნდა იყოს ის მთავარი კრიტერიუმები, რომელსაც ცესკოს მომავალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მთავარი კრიტერიუმი პატიოსნება და რეპუტაცია უნდა იყოს:
"ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც საჭიროა ცესკოში ეს არის პატიოსნება და რეპუტაცია. ესაა ხალხი რომელიც ითვლის ხმებს და ამბობს ვის დარჩა ძალაუფლება, ასეთ ადამიანს ფიზიკოსის ან იურისტის დიპლომი კი არ უნდა მოვთხოვოთ უნდა მოვთხოვოთ პატიოსნება და რეპუტაცია," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია წინასწარ ამზადებს ნიადაგს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ცესკოს მიკერძოებულობაზე ისაუბრონ. "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპონენტები კონკრეტულ კანდიდატურაზე აღარც საუბრობენ.
"წინასწარ გამოცხადებული ქრონიკები... არ ვიცი, უცნაურია ასეთი დამოკიდებულება, მეჩვენება, რომ აქ საუბარი მათი მხრიდან იმაზე აღარც მიდის კონკრეტული კანდიდატურა კარგია თუ ცუდია, ისინი ემზადებიან საიმისოდ, რომ მათთვის კომფორტული წინაპირობა შეიქმნან არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რომ განცხადებები გააკეთონ ვინმეს მიკერძოებულობაზე და ა.შ," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.