პარლამენტის წევრი თამარ კორძაია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, შს მინისტრთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაუყოვნებლივ აღადგინონ წესრიგი.
"არც ერთი ადამიანი არ ვართ დაცული თბილისის ქუჩებში. მოგიწოდებთ გომელაურსაც და ღარიბაშვილსაც, გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ წუთას მათ აქვთ და დაამყარონ წესრიგი რუსთაველზე. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, არათუ გამოხატვის თავისუფლება, ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არის. გააცნობიერეთ რას უშვრებით თითოეულ ადამიანს ქვეყანაში, რას უშვებთ ამ ქვეყანას. ერთი თვეა, თქვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თქვენ ხმას გაძლევენ, ან არ გაძლევენ, ადამიანები რომლებიც გადასახადს იხდიან, რომლებიც ცხოვრობენ, დაიბადნენ ამ ქვეყანაში, გთხოვენ იმას, რომ უზრუნველყოთ მათი გამოხატვის თავისუფლება, რასაც ვერ ახერხებთ და ამის შემდეგ თქვენ ხელისუფლება ხართ?! თქვენ არ ხართ ხელისუფლება და არავითარი უფლება არ გაქვთ ილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში თქვენ გაქვთ უნარი დაამყაროთ წესრიგი. პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რო, კონსტიტუციით ყველა დაცულიაო, ეს კონსტიტუცია დღეს მან თავზე გადაგვახია. მან არ იცის რას ნიშნავს კონსტიტუცია, არ იცის რა არის ადამიანის უფლებების დარღვევა და ის ახალისებს ძალადობას, ეშინია რომ ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა. სამწუხაროა ბატონი ირაკლი, რომ მეტი უნარი არ გაქვთ, სამწუხარო, რომ ქვეყანას ჰყავს ასეთი პრემიერ-მინისტრი,"- განაცხადა თამარ კორძაიამ.