ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ აგრესიული ჯგუფების ქმედებები ხელისუფლების მიერ იყო წაქეზებული.
"ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვნახეთ, უბრალოდ თბილისი პრაიდის ჩატარებას არ უკავშირდებოდა, ეს იყო თავდასხმა მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, საერთაშორისო პარტნიორებზე, ძალიან სიმბოლური იყო, რომ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს პარლამენტთან და ჯვარი დადგეს.
ჯვარის იქ დადგმა რა შუაში იყო, ვერ გავიგე, მაგრამ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა, ეს იყო სიმბოლური აქტი, ეს ადამიანები პირდაპირ თავს ესხმიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და არ სურთ ის ღირებულებები, რომელიც ევროპულ დემოკრატიას ჩვენთვის მოაქვს. სწორედაც, როდესაც ჩვენ ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2024 წელს უნდა შევიტანოთ, უბრალოდ ეს არის ცარიელი სიტყვები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების წაქეზებული მოქმედებები იყო სწორედაც, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა რომ ამ ადამიანების ქმედებები აღეკვეთა," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა