თბილისის მერი რადიკალური ჯგუფების მიერ, დღეს რუსთაველის გამზირზე განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აგრესია დაუშვებელია.
"მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.
ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს.
მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება," - აცხადებს კახა კალაძე.