16 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს მოუსმენენ - პროცესს ოპოზიციის ნაწილი და სახალხო დამცველი ბოიკოტს უცხადებენ 

პარლამენტში ხვალიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს მოუსმენენ. პროცესი, რომელიც უზენაეს სასამართლოში ასარჩევად წარდგენილ 9 კანდიდატთან გასაუბრებას გულისხმობს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონის სრული დაცვით და გამჭვირვალედ ჩატარდება.

მოსამართლეობის კანდიდატებს კომიტეტზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა კითხვების მოსმენა მოუწევთ, რადგან ოპოზიცია პროცესს ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესით მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტს არღვევს.

შარლ მიშელის დოკუმენტზე აკეთებენ აქცენტს სასამართლო რეფორმაზე საუბრისას მმართველ პარტიაშიც. "ქართული ოცნების" ლიდერები ევროკავშირის მედიაციით შექმნილი დოკუმენტის დარღვევად კანდიდატების გასაუბრების პროცესისადმი ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადებას მიიჩნევენ. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობას გაურბის.

ოპოზიციის მსგავსად, ხვალ იურიდიული კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს სახალხო დამცველიც.

საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ცხრა კანდიდატიდან ხვალ ორ მათგანს, გიორგი გოგიაშვილს და გოჩა აბუსერიძეს მოუსმენენ. დაგეგმილია, რომ ყველა კანდიდატთან გასაუბრება მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება, შემდეგ კი საკითხი განსახილველად რიგგარეშე სესიაზე გადაინაცვლებს.

დღის ამბები