ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ ქმედებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალადობის სივრცე არ უნდა არსებობდეს.
მისი თქმით, სურს იხილოს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
"უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გუშინ და გუშინწინ მოხდა ქვეყანაში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ბატონ პრემიერთან და მიმაჩნია, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ ახლა, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე. ძალადობიდან არაფერი არ წარმოიშვება. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახის დისკრიმინაციით, ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ყველამ სცეს პატივი თავისუფლებას. გვინდა ვიხილოთ, თუ როგორ განხორციელდება მოვლენები და პროცესები.
ასევე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ პარლამენტში მივედი დღეს დილით და ვნახე ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო," - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.