საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს. დღეს ქართული მედია საქართველოში ჩამოსული ევროკომისრისგან ძირითადად თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებას ითხოვდა.
"გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, არ არსებობს ძალადობის სივრცე" - ეს იყო ოლივერ ვარჰეის ძირითადი გზავნილი.
ევროკომისარმა პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე მედიაზე თავდასხმის გარდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და ოკუპაციაზეც ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა იმ დახმარებაზე, რომელსაც ქვეყანა განვითარების გზაზე იღებს.
ევროკავშირის კომისარი დღეს პრემიერ-მინისტრის გარდა საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა. ოლივერ ვარჰეიმ შეხვედრა გამართა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთანაც.
ევროკომისარი შეხვდა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელსაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე. ორივე მხარის მიერ აღინიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ინტერესი და მზაობა.
აღსანიშნავია, რომ ეს ოლივერ ვარჰეის პირველი მისიაა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში.