დღეს საქართველოს პრეზიდენტს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი და საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სტუმრობდნენ. შიო მუჯირმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, რაც შეეხება საპატრიარქოს პრესსპიკერს, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შეხვედრა შედგა სალომე ზურაბიშვილსა და შიო მუჯირს შორის, თუმცა არ დაუზუსტებია რა თემაზე, მათ შორის არ დაუკონკრეტებია ეხებოდა, თუ არა ეს ვიზიტი რელიგიური და ეროვნული გრძნობების შელახვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივას, რომელზეც პატრიარქის მოსაყდრემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.
"არ დავსწრებივარ შეხვედრას, უბრალოდ მოვაცილე მეუფე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ ჩათვლის საჭიროდ თვითონ გააკეთებს განცხადებას. რთული საკითხია ზოგადად ეს გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის შეურაცხყოფა, სულ მუდმივად გვიწევს ამის ზღვარზე დავა და კამათი. როგორღაც ისე უნდა დარეგულირდეს რომ ოპტიმალური გამოსავალი მოინახოს," - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, განვითარებული მოვლენების დროს საპატრიარქო დაპირისპირების პრევენციას ცდილობდა:
"რადგანაც საზოგადოება იყო ძალიან დაძაბული, დაზაფრული, წინასწარ ისმოდა მუქარა, ორივე მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები, ჩვენ ძალიან ვფრთხილობდით და ვცდილობდით, რომ მიგვეწვდინა ხმა ყველასთვის, რომ შეიძლება უმართავი ყოფილიყო პროცესები,"- აღნიშნა საპატრიარქოს პრესსპიკერმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.