ეკონომისტი ანდრია გვიდიანი ISFED-სგან კვლევის დაკორექტირებას და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. გვიდიანი აცხადებს, რომ ISFED-მა საკუთარ კვლევაში დაწერა, რომ თითქოს "ქართული იდეის" ულტრანაციონალისტური ჯგუფი "რიონის ხეობის მცველების" დისკრედიტაციას ეწეოდა, თუმცა როგორც გვიდიანი ამბობს, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, ამ ორ ჯგუფს შორის კავშირი.
"ISFED-მა სულ რაღაც 2 კვირის წინ გამოაქვეყნა აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული კვლევა, რადიკალურად განსხვავებული ნარატივით. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა უნდა დაკორექტირდეს და საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ნათელი სურათი, რა კავშირი აქვს ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და რიონის ხეობის მცველებს ერთმანეთთან," - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
ISFED-ის წარმომადგენლის განცხადებით გვიდიანის ბრალდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
"სიცრუეა ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეფასება არის არასწორი ან ცალმხრივი, ან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გაჟღერებული, ვინაიდან ანგარიშში ასახულია, ქართული იდეის კორდინირებული ქცევა სადაც მხარდაჭერასაც ეხება და დისკრედიტაციასაც, შესაბამისი მონაცემების რაოდენობრივი და კონკრეტული მტკიცებულებებიც წარმოდგენილია." - განაცხადა სამართლიანი არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო რიჟამაძემ.
შეგახსენებთ, ISFED-ის კვლევაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მას შემდეგ რაც რიონის ხეობის მცველებმა ქართული იდეის ხელმძღვანელ გურამ ფალავანდიშვილს მოუწოდეს, რომ ლგბტ სიმბოლოებით აქციის მონაწილეების გამიჯვნა შეეწყვიტა, "ქართულმა იდეამ" სოციალურ ქსელში. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტთა მხარდამჭერი კამპანია მადისკრედიტირებელი კამპანიით ჩაანაცვლა.
ამ მოვლენების შემდგომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოძრაობის ლიდერები 5 ივნისის ღირსების მარშის გასაპროტესტებლად თბილისში ჩამოვიდნენ. ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი კი სწორედ გურამ ფალავანდიშვილი და მასთან ასოცირებული ძალები იყვნენ.