მივა თუ არა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენებზე პასუხის გასაცემად - ამაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში მისვლის და კითხვებზე პასუხის გაცემის არ ეშინია.
საკითხის შესახებ უმრავლესობის წევრმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას ისაუბრა.
"იმის გაპრობლემება, რომ თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოსვლის ეშინია, ან კითხვებზე პასუხი არ აქვს, არ არის სწორი.
როდესაც რიგგარეშე სხდომა დაინიშნება, ამის შემდეგ, შეგვიძლია ამ მოვლენებზე უფრო საგნობრივად და კონკრეტულად ვილაპარაკოთ. ასევე, რაც უფრო მეტი მასალა იქნება წარმოდგენილი და იდენტიფიცირებული, ამ შემთხვევაში, ინფორმაციულადაც, სურათი უფრო ფართო გვექნება,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.