16 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"რა არის ქართველი კაცის სულიერი სამყარო..." - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დეპუტატების კითხვებს პასუხობს

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გრძელდება. მმართველი გუნდი გასაუბრების ბოლომდე მიყვანას აპირებს. მათი თქმით, ამას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. ოპოზიცია კვლავ ბოიკოტს უცხადებს მიმდინარე პროცესს და ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

ბიძინა სტურუა არის რიგით მეშვიდე მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გასაუბრებას გადის და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

"მოქალაქეების" წევრის ლევან იოსელიანის მიერ მოსამართლეობის კანდიდატისთვის დასმული კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა შეფასება აქვს კანდიდატს არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაზე, რომლებიც პრობლემად მიიჩნევენ სასამართლო სისტემაში ისეთი მოსამართლეების ყოფნას, რომელთა გადაწყვეტილებებიც სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა. 

ბიძინა სტურუამ არასამთავრობო ორგანიზაციების ეს პოზიცია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად შეაფასა.

რაც შეეხება სასამართლოში ე.წ. კლანის არსებობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ბიძინა სტურუამ ეს კატეგორიულად გამორიცხა.

"სასამართლოში არცერთი სახის ჯგუფი, რამე არაკანონიერი გაერთიანება, არაფორმალური ორგანიზაციები, კრიმინალური  გაერთიანებები თუ დაჯგუფებები არ არსებობს," - აღნიშნა მოსამართლეობის კანდიდატმა.

"ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას შეკითხვა "ქართველი კაცის სულიერ სამყაროს" შეეხებოდა.

"რა არის ქართველი კაცის სულიერი სამყარო  და მაქსიმალიზმი, და ეს უნდა გაითვალისწინოს თუ არა მოსამართლემ," - მიმართა ფრიდონ ინჯიამ მოსამართლეობის კანდიდატს, რაზეც ბიძინა სტურუას პასუხი იყო, რომ ის, როგორც მოსამართლე, მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნით არ განასხვავებს.

2012 წლამდე და მას შემდეგ არსებული გამოწვევების შედარება იყო კითხვების მთავარი თემა უმრავლესობის მხრიდან.

მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, ამჟამად არსებულ გამოწვევებს შორის მნიშვნელოვანია არასამთავრობოების და მედიის გარკვეული ნაწილის მხრიდან მოსამართლეების წინაღმდეგ მიმართული კამპანიები. ამასთან ბიძინა სტურუა ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არც 2012 წლამდე და არც შემდგომ არავის განუხორციელებია და ამის არც მცდელობა ყოფილა.

დღის ამბები