16 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ორშაბათს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის - ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში კი კრიტიკულია

ორშაბათს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის. სავარაუდოდ, უმრავლესობა და "ევროპელი სოციალისტები" დარბაზში მარტო იქნებიან. მოსმენებზე დასწრების მიუხედავად, კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს ის 2 ოპოზიციური ძალა, რომელიც მანამდე კანდიდატებს კითხვებს უსვამდა.

მწვავე იყო ის დასკვნა, რომელიც ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა. საქმე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას ეხება. პროცესში მართლმსაჯულების ექსპერტებმა იმგვარი ხარვეზები დააფიქსირეს, რომელიც მათთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობას და თანასწორობას მიმდინარე პროცესში. დოკუმენტის ავტორები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო მოწოდებებისამებრ პროცესის შეჩერება.

დასკვნამ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში პაუზის მოლოდინი გაუჩინა კელი დეგნანს. ამერიკის ელჩისთვის ეუთო/ოდირის ტექსტი იმის გამეორებაა, რაც "ქართული ოცნებისთვის" თბილისიდან თუ მის საზღვრებს გარედან უკვე უთქვამთ და რომ სწორედ ინკლუზიურობა იყო 19 აპრილის შეთანხმების მკაფიო სათქმელი. დიპლომატს პარლამენტის იმედი აქვს. 

ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც პარლამენტში მიმდინარე მოსმენებში ჩართვა არ ისურვა, ეუთო/ოდირის დასკვნას საკუთარი გადაწყვეტილების გამამყარებელ არგუმენტად კითხულობს. ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი პროცესს დააპაუზებს.

"ქართული ოცნებისთვის" ოდირის დასკვნა მშრალია და კონკრეტიკას მოკლებული, უფრო მეტი ინტერესით საბოლოო დასკვნას ელიან. მათთვის გაუგებარია, რატომაა აუცილებელი უზენაესი სასამართლოსთვის მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერება.

ეუთო/ოდირმა ანალიზი ბოლო 6 თვეზე დაკვირვებით მოამზადა, ამჯერად ომბუდსმენის თხოვნის საფუძველზე.

დღის ამბები