16 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
რა კავშირი აქვთ გიორგი გახარიას პარტიის რეგიონული ოფისის ფართებთან ე.წ. კანონიერ ქურდებს - ყოფილმა პრემიერმა იმერეთში 2 რეგიონული ოფისი გახსნა

გიორგი გახარიას გუნდი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. პარტიამ დღეს იმერეთში 2 რეგიონული ოფისი გახსნა, ირკვევა, რომ ორივე ფართი ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდება, რადგან ოფისები მათი ოჯახების საკუთრებაშია.

კითხვაზე, რატომ იქირავა გუნდმა ტერიტორია კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებისგან, გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ ხელშეკრულების შედგენისას კანონი არ დარღვეულა, მას ეს ფაქტი უხერხულობას არ უქმნის.

ირკვევა, რომ რუსთაველის 96-ში მდებარე ფართი ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით ფახურიძის ოჯახის საკუთრებაა.

84 წლის დავით ფახურიძეს კრიმინალურ წრეებში "მინაგოს“ მეტსახელით იცნობენ. ის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის 4-ჯერ არის ნასამართლევი. ფახურიძის ოჯახში არ უარყოფენ, რომ ფართი, სადაც გიორგი გახარიას პარტიამ დაიდო ბინა, ნამდვილად მათ ეკუთვნით.

დღესვე გიორგი გახარია მხარდამჭერებს ბაღდათშიც შეხვდა. პარტია "საქართველოსთვის" ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისი უკვე შერჩეულია, რაც ადგილობრივებში უკვე გახდა დისკუსიის საგანი, რადგან ამ შემთხვევაშიც ოფისის მფლობელი ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დავით ხურცილავას ოჯახი აღმოჩნდა. თავად ხურცილავა უკრაინის მოქალაქეა და გავრცელებული ინფორმაციით, შეცვლილი სახელი და გვარით მოლდოვაში ცხოვრობს.

თავად გიორგი გახარია ამბობს, რომ პარტიული ოფისების მფლობელებზე დეტალურ ინფორმაციას პირადად არ ფლობს და იქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მას ოფისების დაქირავებაში ხელს უშლის.

გიორგი გახარია თანაპარტიელებთან ერთად რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრას და პარტიული ორგანიზაციების ფორმირებას მომდევნო დღეებში უკვე სხვა რაიონებში განაგრძობს.

დღის ამბები