სახალხო დამცველი გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ოჯახში მივიდა. ნინო ლომჯარია ღრმა მწუხარებას გამოხატავს "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ლექსოს ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებს - მედიის წარმომადგენლებს და მთელ საქართველოს მომხდარი ტრაგედიის გამო.
მე ვფიქრობ, რომ ის, რაც მოხდა 5-6 ივლისს, ამ ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, იდეოლოგები, რომლებიც არ მალავდნენ აღნიშნულს. ამის დასტური არის მათი არაერთი განცხადება, როგორც საკუთარი მედიასაშუალებების, ასევე საჯარო ადგილებში, როდესაც ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ საკუთარ მომხრეებს, რომ ეძალადათ მათგან განსხვავებულებზე.
შესაბამისად, მე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიტომ, რომ მას დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს, ასევე, სპეციალური მუხლი, რომელიც მათ გამოიყენეს მათ შორის ერთ-ერთი პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ, პირდაპირ არსებობს მტკიცებულებები, რომ ახლაც გამოიყენონ ეს მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას.
ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები და ჩვენ ვნახეთ ადგილზე მოწოდებები და მოვუწოდებთ მათ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ლექსო გარდაიცვალა, დიახაც, სწორედ ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად.
რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მთელი ამ დღეების განმავლობაში ისინი ისმენდნენ ამ ძალადობრივ მოწოდებებს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან და მიუხედავად ამისა 5 ივლისს არ გატარებულა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის ლექსოს თავს დაესხნენ „სირცხვილიას’ ოფისთან, სადაც იყო მაღალი ალბათობა, რომ მოხდებოდა თავდასხმა, თუმცა იქ არ იყო ადგილზე მობილიზებული პოლიცია და ვფიქრობ, რომ ეს თავდასხმაც არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.