საქართველოს პრეზიდენტი ომბუდსმენს ხვდება. ნინო ლომჯარია ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა. როგორც სახალხო დამცველმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პრეზიდენტთან თბილისში, 5 ივლისის შემდგომ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
"კონკრეტული ჩემი მესიჯები იქნება, რატომ ვთვლი, რომ არ არის სწორი, რომ დღემდე არ არის გამოძიება დაწყებული ძალადობრივი ჯგუფური ქმედებების ორგანიზატორების მიმართ, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ შსს და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ მიმართულებით და დაიწყონ გამოძიება, დევნაც და მისცენ პასუხისგებაში ამ ძალადობრივი თავდასხმების იდეოლოგები და ორგანიზატორები.
რაც შეეხება ლექსოს მიმართ დაწყებულ გამოძიებას რა თქმა უნდა ჩვენ თვალს მივადევნებთ და ასევე უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ მათ შორის ჩატარებული ექსპერტიზის შეფასებაც, შეფასებაშიც ჩავრთოთ ჩვენი ექსპერტები და წარმომადგენლები,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ ათონელის რეზიდენციაში შესვლამდე.