უვადო მოსამართლის მანტია პარლამენტმა ექვს მოსამართლეს მოარგო. პროცესი რომლის შეჩერებას ოპოზიცია და ელჩები მოითხოვდნენ, მმართველმა გუნდმა ფინალამდე მიიყვანა. სულ ცხრა კანდიდატი იყო - სამი დაიწუნეს, ძირითადად ისინი, ვის მიმართაც ოპონენტი დეპუტატები უფრო მეტად კეთილ-განწყობილები იყვნენ.
შერჩეულ უვადო მოსამართლეებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვთ. პროცესში პროტესტის ნიშნად, არ მონაწილეობდა ომბუდსმენი.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომას, ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია "მოქალაქეები", "ევროპელი სოციალისტები" და "პარტია საქართველოსთვის" წევრები ესწრებოდნენ. ლევან იოსელიანმა სხდომათა დარბაზშივე გააკეთა განცხადება და არ დაუმალავს წუხილი იმის გამო, რომ პარლამენტმა მისთვის სასურველ ორ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.
ინდივიდუალურ კენჭისყრამდე იყო, მოსამართლეობის კანდიდატებთან ერთკვირიანი გასაუბრების პროცესი და ბოიკოტი, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა. მიიჩნევდნენ, რომ პროცესის არგაჩერებით მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს უღალატა.