შარლ მიშელი საქართველოში მესამედ ჩამოდის. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი უკვე მომავალ კვირას 19 აპრილის დოკუმენტის ხელმომწერებიდან გაიგებს სრულდება თუ არა ვალდებულებები, რა მოხდა 5 ივლისს და რატომ ვერ აღკვეთა სახელმწიფომ მედიაზე და სამოქალაქო აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობა.
ის რომ შარლ მიშელი საქართველოში ნამდვილად ჩამოდის, "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაადასტურა.
ევროპელი დიპლომატის ვიზიტს ქართველ პოლიტიკოსებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა, ოპოზიციისთვის შარლ მიშელის თბილისში ჩამოსვლა ბოლო დროინდელ მოვლენებს და მმართველი გუნდის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება, მმართველი გუნდი კი აკონკრეტებს, რომ პრეზიდენტი მიშელი ბათუმში ევროპული გზის კონფერენციაზე ჩამოდის და მისი ასეთი ხშირი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებს არ უკავშირდება.