16 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
კრიტიკა აშშ-დან და გაუგებრობის დასრულების პირობა საქართველოს პირველი პირისგან - კელი დეგნანმა მთავრობას ფრთხილი პოლიტიკისკენ მოუწოდა 

შეხვედრას ბათუმში ხვალ შესაძლოა კელი დეგნანიც დაესწროს, რომელმაც დღეს ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ განმარტა მისი მედიაციით შექმნილი დოკუმენტის შინაარსი და არგუმენტი, რის გამოც შტატები თვლის, რომ მიშელის შეთანხმება დაირღვა.

"19 აპრილის შეთანხმებაში ნათლად და მკაფიოდაა მოცემული, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა დაპაუზდეს ინკლუზიური, ფართო და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე. არ იყო არანაირი ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესი, არ განხორციელებულა ამბიციური სასამართლო რეფორმა," - ამბობს დიპლომატი.

განცხადება მოლაპარაკებაში "ქართული ოცნების" წევრების შემდეგ ამჯერად პრემიერმა გააკეთა, კიდევ ერთხელ გაიმეორა სიტყვა ჩინოსანი და თქვა, რომ ქვეყანა არის ამერიკის სახელმწიფოს მეგობარი და არა ცალკეული ჩინოვნიკების.

პოლიტიკური ოპონენტების ფასილიტატორი შეთანხმების გაფორმებიდან 3 თვის შემდეგ ისევ დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. ამერიკის ელჩი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მხარეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კელი დეგნანი დამატებით განმარტებას აკეთებს მისი მხრიდან გაჟღერებულ შესაძლო სანქცირებაზეც.

პოზიციები დასაახლოებელი ამჯერად სასამართლოს საკითხზე აღმოჩნდა, მათ შორის "ქართული ოცნებისა" და თავად ელჩის შემთხვევაში. კელი დეგნანისთვის მმართველი პარტიის არგუმენტები გაუგებარია.

მოსამართლეების საკითხზე ამერიკულ კრიტიკას და მოსალოდნელი სანქციების საკითხს დღეს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ღარიბაშვილმა სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის შესაძლო გაუგებრობაზე ისაუბრა და მიანიშნა იმაზე, რაც ოცნების ლიდერებმა გუშინ წერილობით განცხადებაში განმარტეს.
მმართველი გუნდი ამბობდა, რომ "ცალკეული ჩინოსნების" არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო პარტნიორი ქვეყნების სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდებათ.

"ოცნების" მხრიდან დასახელებულ "ცალკეულ ჩინოვნიკებში" ოპოზიციამ ამერიკის ელჩი ამოიკითხა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მმართველი ძალის არგუმენტები პარტნიორებთან კომუნიკაციის პრობლემასა და მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მიუღებელია.

სასამართლო რეფორმასა და მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას შორის კავშირზე "ოცნება" საერთაშორისო მეგობრებისთვის დეტალურ ახსნა-განმარტებას აპირებს, თუმცა მედიასთან არ საუბრობს იმაზე, თუ ვინ შექმნა მათივე თქმით, პარტნიორებთან კომუნიკაციის პრობლემა.

პარტნიორებთან მეტი კომუნიკაციის და გაუგებრობის დასრულების პირობა დღეს პრემიერ-მინისტრმაც დადო.

უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე პარლამენტმა უვადოდ 5 დღის წინ დაამტკიცა. დანიშვნის პროცესს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა.

დღის ამბები