ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრი რიგგარეშე სესიაზე 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. გომელაურმა უნდა ისაუბროს პრაიდ კვირეულის ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმის ეპიზოდებზე.
საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ შს მინისტრი ივლისის დასაწყისში განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობიდან უნდა გადადგეს და ეს იქნებოდა გომელაურის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება :
"მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ გამოვიდეს ბატონი გომელაური, თქვას, რომ თავი ვერ გაართვა თავის უფლებამოსილებას 5 ივლისს, ვერ დაიცვა მოქალაქეები წინასწარ დაანონსებული ძალადობისგან და თქვას, რომ მან დატოვა თანამდებობა. ეს იქნებოდა ძალიან სწორი, ძალიან ღირსეული და პასუხისმგებლობით საქმე ქმედება. 5 ივლისის გამო მან უნდა დატოვოს თანამდებობა," - ამბობს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
"ის, რომ გომელაური უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, ჩემთვის და ვფიქრობ, ადამიანების უმრავლესობისთვის არის ეჭვს გარეშე. იმიტომ ვმონაწილეობთ ჩვენ დღეს ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ ნათლად ვაჩვენოთ, როგორ არის პირდაპირ პასუხისმგებელი გომელაური იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.