"ლელო" ოპოზიურ პარტიებს კოალიციის შექმნას და ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებას სთავაზობს. მამუკა ხაზარაძეს აქვს წინაპირობებიც - "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ უნდა წარადგინოს.
"ლელოში" თვლიან, რომ ქვეყანაშ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროა კოალიციისთვის ოპოზიციამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
"ლელოში" ფიქრობენ, რომ თუკი ძალოვანი სტრუქტურებისგან დისტანცირება იქნება, ამ შემთხვევაში მეტი შანსი ექნება ოპოზიციას წარმატებას მიაღწიოს არჩევნებზე და ნაკლები შანსი დაუტოვოს ხელისუფლებას, რომ "ნაცმოძრაობის" წარსულით სპეკულირების საშუალება ჰქონდეს.
"ხელისუფლება გადასულია მთლიანად პროპაგანდულ, გაშავების რეჟიმზე. იმ უკმაყოფილებას, რომელიც არსებობს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდთან, აქვს ლეგიტიმური საფუძველი და კონკრეტულად ძალოვნებთან მიმართებაში, მაგრამ ეს განცხადება გაკეთებული იყო კონკრეტულად იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდას დავუპირისპირდეთ ძალიან ცხადი ფორმულით,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.
"ლელოს" გეგმას "ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეხმაურნენ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ახლა ჩრდილოვან კაბინეტზე და მინისტრთა პორტფელების განაწილებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ოპოზიციასთან ერთობას და კოალიციას არ გამორიცხავს.
"მოვისმინე "ლელოს" წარმომადგენლების განცხადებები და ალბათ უფრო მისაღებია ყველა პარტიისთვის და მით უმეტეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დააკომპლექტოს ძალოვანი სტრუქტურები და არ იყო ხაზგასმით "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბარი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა როგორ უნდა დაკომპლექტდეს ძალოვანი სტრუქტურები, მაგალითად გენერალური პროკურორის შერჩევაში მთლიანად არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს ჩართული და მათგან უნდა მოდიოდეს კანდიდატურა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა უნდა მოხდეს, რომ აღარ მივიღოთ პოლიტიკური პოლიცია, ასე რომ ეს რეფორმები მე ვფიქრობ ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მისაღები იქნება,"- პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ზაალ უდუმაშვილი.
ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა მამუკა ხაზარაძემ გუშინ გააჟღერა, "ლელოს" ლიდერი ფიქრობს, რომ კოალიციური ერთობა გახდება განმსაზღვრელი იმ შედეგისა, რომელსაც ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მიაღწიოს, რამაც საბოლოოდ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ხელისუფლების ცვლილება უნდა გამოიწვიოს.