"საინვესტიციო კლიმატი 2021!" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს აანალიზებს, საქართველოზეც არის საუბარი.
ქვეყანას მაღალი ადგილი უკავია სხვადასხვა რეიტინგში, მათ შორის, მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოში გამოწვევად რჩება სასამართლოში პოლიტიკური ჩარევის პრობლემა. დოკუმენტში მოხვდა ანაკლიის პორტის საკითხიც.
ანგარიშიდან, ტრადიციულად, განსხვავებული აქცენტები ამოიკითხეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციისთვის განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა ჩანაწერი მაღალი დონის კორუფციულ გამოწვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულება.
მმართველმა გუნდმა კი დეპარტამენტის მხრიდან განსაკუთრებით ის ჩანაწერი მოიწონა, რომელშიც დადებითადაა შეფასებული საკუთრების უფლების უზრუნველყოფა 2021 წლის მდგომარეობით, განსხვავებით წინა ხელისუფლების მმართველობის წლებისგან.