"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა. მისივე განცხადებით, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი კითხვას - ვინ აფინანსებს ძალადობრივ ჯგუფებს.
"შს მინისტრის ინტერვიუს შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს ამ დანაშაულის გამოძიებას, უფრო მეტიც - თავად არიან მონაწილეები. ძალიან ბევრი რამ იქნება დასადგენი, მათ შორის, საიდან მიდიოდა ფული ამ აგრესიულად განწყობილი ადამიანების ყულაბაში, ვინ აფინანსებს მათ მედიასაშუალებებს და რატომ არ არიან დაკავებული ორგანიზატორები,"- აცხადებს რომან გოცირიძე.
საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს სხვა ოპოზიციონერებიც უჭერენ, მათ შორისაა "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი.
"როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ამდენი რესურსი, აპელირება იმაზე, რომ რამდენიმე ადგილას მიდიოდა ჩხუბი ერთდროულად და ჩვენ ვერ გავაკონტროლეთ, სერიოზული არ არის,"- აცხადებს იოსელიანი.