16 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მოამზადა - დოკუმენტი პარლამენტს ხვალ წარედგინება

2020 წლის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მოამზადა. დოკუმენტს ხვალ რიგგარეშე სხდომაზე წარადგენენ.

საგამოძიებო კომისიის წევრები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. 16 სამუშაო შეხვედრის დროს მათ გამოავლინეს პრობლემური უბნები და შეადარეს გადათვლილი შედეგები. მათი თქმით, შედეგებს შორის განსხვავება მცირე იყო.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო სხდომის მიმართ ნდობა არ არსებობს და სხდომებზე დასწრების აზრს ვერ ხედავს. მისივე თქმით, დღემდე არც ერთ საჩივარს რეაგირება არ მოჰყოლია.

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე ნაცნობი კადრები, როდესაც ბიულეტენში კომისიის წევრები "ოცნებიდან" ყრიდნენ ბიულეტენებს, გამოძიებულია? ვინმე დაკითხულია? ვინმე დაკავებულია? რა თქმა უნდა არა და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი კომისიისგან?!" - განაცხადა მან.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი განმარტავს, რომ პარტიამ კომისიაში მონაწილეობაზე უარი თავიდანვე განაცხადა.

"როგორც კი შარლ მიშელის დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და ყველამ, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი - აღიარა არჩევნების შედეგები. არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ რაიმე გამოძიების ჩატარება და იმის დადგენა, იყო თუ არა ზუსტი შედეგები - უკვე აზრს მოკლებულია და მგონი, ჩვენ დრო და ფული უაზროდ დავხარჯეთ ამ კომისიაზე," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

უმრავლესობის განმარტებით, მათი მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურებოდა იმას, რომ ოპოზიციის ყალბი სპეკულაციები 2020 წლის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, გაქარწყლებულიყო.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა არ მიიღო, რითიც დაადასტურა, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მათ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ.

დღის ამბები