2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტმა დადგენილება მიიღო.
დადგენილებას 79-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო პარლამენტის ერთმა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
ის ერთი წევრი, რომელმაც ხმა წინააღმდეგ მისცა, არის არმაზ ახვლედიანი, რომელიც თვლის, რომ საგამოძიებო კომისია სანდო არ არის და მათ საქმიანობას უნდობლობას უცხადებს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნას. დასკვნა ასეთია: 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია.
მმართველი გუნდის მოწოდების მიუხედავად, სესიას არ ესწრებოდა და საკითხის განხილვაში არ მონაწილეობდა ოპოზიცია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიცია არ არის თავის თავში დარწმუნებული და ამიტომ კითხვების დასმის უნარიც არ აქვს.
ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა.
"გადათვლა, კამერების ნახვა, დებატები, საგამოძიებო კომისია, ამაზე მივიღეთ უარი, მიზეზი კი არის ის, რომ რეალურად, მათ სათქმელი არაფერი აქვთ. კითხვებსაც ვერ სვამენ, რადგან არ გაყალბებულა არაფერი,"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.