16 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
ცოტა უცნაურია, როდესაც მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად არის რეფერენდუმი ოპოზიციასა და მთავრობას შორის - რიკ დემსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი ვენეციის კომისიის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის ორგანო, რომელსაც  საარჩევნო სისტემის საკითხებში მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რეპუტაცია აქვს. 

"ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. გვაქვს ასეთი ინსტიტუცია, რომელსაც ვენეციის კომისია ჰქვია. ეს არის ორგანო, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმისა და საარჩევნო სისტემის საკითხებში მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რეპუტაცია აქვს. დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ჩემი აზრით, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის აზრი, ვენეციის კომისია არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გეუბნება რა უნდა გააკეთო, ისინი საკუთარ მოსაზრებას გთავაზობენ და ეს მოსაზრება შემდეგ უნდა წაიღო მთავრობაში ან პარლამენტში. ამ მოსაზრებას ან გაითვალისწინებენ ან არა, ეს მოსაზრება არის როგორც საკვები ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის, რომ გამოიყენონ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

მესმის, რომ ზოგიერთი რეფორმის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. რა შემთხვევაშიც არ იყო გათვალისწინებული, ის რა თქმა უნდა, დებატებისთვის საკვებია ოპოზიციისა და ჩვენთვისაც ასამბლეაში“, – განაცხადა რიკ დემსმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს საკითხი მათ დღის წესრიგში არის და მომდევნო თვეების განმავლობაში მას დააკვირდებიან. 

"საქართველოს საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არის. საარჩევნო რეფორმა არის ჩვენს დღის წესრიგში. ეს ის საკითხებია, რასაც მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში დავაკვირდებით. ახლა არდადეგები გვექნება მაგრამ დავბრუნდებით სექტემბერში, რადგან ოქტომბერში არჩევნები გაქვთ. როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს. ასე რომ, რაღაცას ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიციასა და მთავრობას შორის. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ," – განაცხადა რიკ დემსმა.

დღის ამბები