პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის მცდელობა, საზოგადოებაში განხეთქილება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ლელო" სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან კონსულტაციებს იწყებს.
"ეს არის მცდელობა, ქვეყანაში არეულობა დაიწყოს, ეს არის მცდელობა რომ საზოგადოებაში განხეთქილება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, რომ დაინერგოს ნიჰილიზმი ადამიანებში, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს, დაინერგოს უნდობლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომ მათი მედიაციით მიღწეული შეთანხმებაც კი შეიძლება არ შეასრულოს ქართულმა ოცნებამ და ურცხვად გავიდეს იმ ვალდებულებებიდან, რომელიც მას დაეკისრა ამ შეთანხმებით.
ჩვენ, "ლელო საქართველოსთვის" ვიყავით ავანგარდში ამ მოლაპარაკებების, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად და რაც მთავარია, ამ შეთანხმების მედიატორებთან ერთად ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ერთად შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც არ მისცემს საშუალებას ქართულ ოცნებას, ქვეყანა გადაჩეხოს ქაოსში, დესტაბილიზაციაში და ქვეყანას დააკარგვინოს ევროპული, დასავლური პერსპექტივა.
მიუხედავად, ამ პროვოკაციისა, რაც ჩვენ ვნახეთ "ქართული ოცნების" მხრიდან, ჩვენ ვიმოქმედებთ მშვიდად, ვიმოქმედებთ პასუხისმგებლიანად, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და არ უნდა გადადგას უკან, საბჭოთა წარსულისაკენ. ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლიანად, კონსულტაციებს ვიწყებთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად." - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნებამ" შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.