ევროპული პარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ამ წუთებში ოპოზიციურ პარტიებს ხვდება. შეხვედრაზე მისულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა მედიასთან იმ რეაქციებზე ისაუბრეს რომელიც დასავლელ პარტნიორებს შარლ მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" გასვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" თავისი ქმედებებით ფაქტიურად უარს ამბობს საქართველოს ევროპულ მომავალზე და ამას მწვავე რეაქცია მოჰყვება ევროპარლამენტიდან:
"ქართულ ოცნებას" უთხრეს რომ ხელმოწერილი შეთანხმებიდან გასვლა, როგორც ასეთი, არ არსებობს და ამას არავინ არ აღიარებს, ბრიუსელში განახლდება პარლამენტის მუშაობა, ჩვენ ვნახავთ, რომ იქნება ძალიან მწვავე რეაქცია პარლამენტიდან, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, იმიტომ რომ დღეს უკვე არავის ეპარება ეჭვი რომ "ქართული ოცნება" ფაქტიურად უარს ამბობს საქართველოს ევროპულ მომავალზე. "ქართულმა ოცნებამ" გაყინა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან და ნატოსთან," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გიორგი გახარიას თანაგუნდელი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტართან საუბარი შეეხო "ქართული ოცნების" იმ არასწორ გადაწყვეტილებებსაც რომელიც გუშინ იქნა მიღებული:
"ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე იმ პროცესებზე რაც ჩვენ დღეს პოლიტიკაში გვაქვს, ქართული ოცნების იმ არასწორ გადაწყვეტილბებეზე რომელიც მათ შორის მიღებული იქნა გუშინ. ჩვენ ევროპელი პარტნიორები ძალიან შეშფოთებულები არიან ამ გადაწყვეტილებით," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.