ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. წერილში წერია, რომ კონგრესმენები იმედგაცრუებულები არიან განვითარებული პროცესების გამო.
"ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ მოვლენების ასე განვითარებით, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების უარით, შეერთებოდნენ შეთანხმებას და ზოგადად თბილისში პოლიტიკის პოლარიზაციით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ უკან დაიხიონ, ხელახლა გადააფასონ მათი პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა - მის დასანგრევად," - წერია კონგრესმენების ერთობლივ წერილში.
მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს გაერთიანებული სამეფოც.
"ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად. გაერთიანებული სამეფო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს, გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაუმჯობესებლად." - წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.