16 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
პარლამენტში მუშაობის გაგრძელება თუ ბოიკოტი - სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა

"ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ანულირების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა თამარ კორძაიამ, მანდატზე უარი თქვეს ნიკა მელიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ოპოზიციის მხრიდან სრული მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს იმისათვის, რომ "ქართული ოცნება" ადგილობრივ არჩევნებზე დამაჯერებლად დაამარცხონ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ მანდატების შენარჩუნების ერთადერთი მისია არის ის, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ ყველა შემდგომი არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება და  ბარიერი იქნება დაბალი. დავით კირკიტაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს შეწყვეტს ბოიკოტს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც გამოსავლად ბოიკოტს არ მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ დეპუტატების მანდატების გამოყენება მნიშვნელოვანია.

პოლიტიკურ უმწიფრობას უწოდებს პარლამენტიდან გასვლას "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე, მისი თქმით ოპოზიციამ მობილიზაცია უნდა მოახდინოს როგორც პარლამენტს შიგნით, ისე პარლამენტს გარეთ და "ქართულ ოცნებას" არ უნდა მისცეს საშუალება, რომ 43%-იანი ბარიერი დაძლიოს.

პარლამენტში დარჩენის მომხრეა "გირჩიც". ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მეტი კოორდინირებულობის შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით უკეთესი იქნებოდა. მეგრელიშვილი "ქართული ოცნების" მიერ შეთანხმების დოკუმენტიდან გასვლას სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს:

"ჩვენ ან მივყვებით ამ ნაბიჯზე "ქართულ ოცნებას" და ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა პარლამენტის დატოვება და კვლავ ბოიკოტში გადასვლა, ან საპირისპიროდ ვიქცევით და  ვიყენებთ იმ ბერკეტებს, რომელსაც გვაძლევს საპარლამენტო მანდატი," - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, კონსტრუქციული ქმედებებით ააპირებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას თუ დესტრუქციულით. გურამ მაჭარაშვილის თქმით, რიგ საკითხებზე კონსტრუქციულად, რიგ საკითხებზე დესტრუქციულად მოქმედება შეუძლებელია:

"არ შეიძლება რომ ერთი და იგივე პარტია თან იყოს კონსტრუქციული და თან დესტრუქციული. თუ შენ დესტრუქციული ხარ, ვერ იტყვი, რომ ამ საკითხში იქნები კონსტრუქციული. ამიტომ უნდა ჩამოყალიბდნენ, ისინი არიან ზოგადად კონსტრუქციული პროცესების მომხრე, თუ არ არიან. ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტში მუშაობას, თუ არა. "ქართული ოცნება" მზადაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დავიწყოთ მსჯელობა, მაგრამ ეს დამოკიდებული იმაზე, როგორი დამოკიდებულება ექნება ოპოზიციას ზოგადად," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები