პარტია "ლელომ", შესაძლოა, პარლამენტი დატოვოს, იმ შემთხვევაში თუ ოცნება მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემთხვევაში პროპორციულ ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს. ფრაქცია "ლელომ" ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.
"ლელოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა ბოლომდე აპირებს ბრძოლას იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ 43% ვერ აიღოს. ვადამდელი არჩევნების არდანიშვნის შემთხვევაში კი ისინი საკანონმდებლო ორგანოს დატოვებენ.
"სტრატეგია" აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პარტიების მხრიდან პოლიტიკურ მექანიზმად პარლამენტის დატოვება-არდატოვების გამოყენება არასწორია, რადგან ეს შედეგიანი ზემოქმედების საშუალება არაა. მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მთავარია ოპოზიციას შორის კოორდინაცია იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მიიღოს 43% .
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები აღარ იქნება დამოკიდებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე, თუმცა ამბობენ რომ ამას განსაზღვრავს ერთის მხრივ სახელისუფლებო პარტიის ნება და მეორეს მხრივ პოლიტიკური მზაობა კოალიციური მთავრობის შექმნისთვის.
"ქართული" ოცნების წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვება ყურადღების მისაქცევი პოლიტიკური ჟესტია. მისი თქმით, ოპოზიციას რომ რეალური დისკუსია სურდეს, ამისთვის პარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებდნენ.