ტოკიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა.
ადგილზე მყოფები განსაკუთრებული ოვაციებით 21 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შეხვდნენ.
"ეს გამარჯვება მივუძღვენი ჩემს ერს და დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამდენი ხალხის გახარების მიზეზი გავხდი. მიყვარხართ ყველა," - ასეთი იყო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს ვერცხლის მედალოსნებმაც ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებულად იასპარეზეს და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს სამი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოუტანეს. ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ძიუდოში საუკეთესო შედეგია.