საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ერთ-ერთი წევრი სკანდალში გაეხვა.
ქართველი პარაძიუდოისტი, რომელიც იაპონიაში პარალიმპიურ თამაშებზე გამოსასვლელად ჩავიდა, სასტუმროს დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს დაცვის თანამშრომელს სერიოზული დაზიანებები აქვს.
საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ერთ-ერთი წევრს, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, შედეგად ქართველი პარაძიუდოისტები ჰანედას აეროპორტის სიახლოვეს მდებარე სასტუმროში, კარანტინში მოათავსეს. ქართველ პარასპორტსმენებს სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა შენიშვნა ხმაურის გამო მისცა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ რატი იონათამიშვილის თქმით, აღნიშნული სპორტსმენი ოლიმპიადაზე ვეღარ იასპარეზებს.
"მოხდა ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტი. იყო ფიზიკური დაპირისპირება, რაც არის ძალიან სამწუხარო და სხვა დეტალებს მე ვერ გეტყვით. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი ძალადობის ფაქტს. ვიცი, რომ კონკრეტული სპორტსმენი ინანიებს ჩადენილს.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სპორტსმენი ვეღარ იასპარეზებს ამ ოლიმპიადაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს სპორტსმენი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში და პარალიმპიადის დამთავრების შემდეგ, უკვე კომიტეტმა იმსჯელოს დისციპლინის საკითხებზე,"- ამბობს რატი იონათამიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელს ნეკნი აქვს გატეხილი.