ოპოზიციის დიდი ნაწილი მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე უარი თქვას. მათ დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს და დაუახლოვდა რუსეთს.
"განცხადებები, რომელსაც დღეს ვუსმენთ, იმის დასტურია, რომ ჩვენ, საქართველო, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, აღარ ვდგავართ ევროატლანტიკურ გზაზე. არანაირი განცდა "ქართულ ოცნებას" იმისი, რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი დასავლელი საერთაშორისო პარტნიორები, არ აქვს და პირიქით - ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე შესრულდეს ეს რუსული დავალება,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი.
მსგავსი პოზიცია აქვთ "ევროპულ საქართველოშიც".
"ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა საქართველოს გამოუცხადა საყვედური, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ჩვენ დავშორდით და ვშორდებით ევროკავშირს, ევროკავშირთან ინტეგრაციას და მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს ამ ყველაფერს - თუ ასე გაგრძელდება, საქართველო დაუახლოვდება რუსეთს,"-აცხადებს გიგი წერეთელი.
ხელისუფლებას აკრიტიკებენ პარტიაში "საქართველოსთვის", სადაც ამბობენ, რომ დღეს ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭების ფუფუნება არ აქვს.
"დიდ სურათზე თუკი შევხედავთ, ეს არის ურთიერთობების გაცივების მანიშნებელი და საქართველოს დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, ბევრი ნიუანსიდან გამომდინარე, უსაფრთხოებით დაწყებული ეკონომიკით გაგრძელებული, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები გააფუჭოს,"-აცხადებს გიორგი გოგუაძე.