საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ევროკავშირისგან შემოთავაზებული სესხი, რომელზეც მთავრობამ უარი თქვა, საქართველოსთვის არის დამატებითი ვალი, რომელიც არ უნდა აიღოს სახელმწიფომ, რადგან დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლები ამის საჭიროებას არ ითვალისწინებს.
"ვინაიდან ჩვენ შეგნებულად უარი ვთქვით უბრალოდ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე, გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, რომ ეს იყო რაღაც გრანდიოზული დახმარება ევროკავშირის მხრიდან. ვინაიდან მთავრობამ ამ სესხზე უარი თქვა, მათივე სიტყვებით ვიტყვი, თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე და ზოგადად კურსზე, ეს კი, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი ტყუილია. ოპოზიცია მოსახლეობას რევანშისტულ და რევოლუციურ შეძახილებს სთავაზობს, ისიც უსუსურად, იმიტომ, რომ მაგის თავიც არ აქვთ ამ უბედურებს. ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე. ჩვენი ხელისუფლების დროს შეუღწევადი გახდა ევროკავშირთან ინტეგრაცია,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.