პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს - ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე საკუთარი კანდიდატურის არდასახელების სანაცვლოდ, "ქართული ოცნებისგან" ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა.
ირაკლი კობახიძის თქმითვე, დღეს კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა შედგა, სადაც პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ კახა კალაძესთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის თბილისის მერობის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებდა.
"იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო საუბარი იმაზე, რომ თუ იქნებოდა ფინანსური დახმარება, არ დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას, რაზეც მიიღო შესაბამისი პასუხი. ალბათ კეზერაშვილში შევეშალეთ.
ამის შემდეგ მისი მხრიდან იყო ზარები და ითხოვდა შეხვედრას. დღეს შედგა შეხვედრა მასსა და კახი კალაძეს შორის, სადაც უთხრა კახი კალაძეს, რომ ის აპირებდა კანდიდატურის დაყენებას, რაზეც კალაძისგან მიიღო პასუხი, რომ ეს მისთვის არაა საინტერესო,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
გიორგი გახარია კანდიდატურის არდაყენების სანაცვლოდ "ქართული ოცნებისგან" ფინანსური მხარდაჭერის თხოვნას უარყოფს და მმართველ გუნდს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გახარია ასევე უარყოფს ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ დღეს მასსა და კახი კალაძეს შორის შეხვედრა შედგა.
"ჰაერის რხევაა, რასაც ისინი ახლა ლაპარაკობენ და დიდი ინტერესი არ მაქვს, რას ამბონენ," - აცხადებს გიორგი გახარია.