"ქართული ოცნების" ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია არჩევნებზე თბილისის მერობის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის არდაყენების სანაცვლოდ "ქართული ოცნებისგან" ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა - თავად გიორგი გახარია გამოეხმაურა.
პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერი "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და კახა კალაძესთან შეხვედრას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც გახარია განმარტავს, "ქართული ოცნება" მსგავს ინფორმაციას პოლიტიკური ოპონენტების მიზანმიმართული დისკრედიტირებისთვის იყენებს.
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ორგანიზაცია "ქართული ოცნების" ზოგიერთი ბოსი რას ლაპარაკობს. მათ სიტყვას ფასი არ აქვს. ეს ადამიანები ზუსტად 1 წლის წინ ქება-დიდებას და ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნოლი. დღესაც მათი ლანძღვის ფასი ნოლია. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების,"- აცხადებს გიორგი გახარია.