16 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირი არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა" - რას აცხადებენ ბაიდენი და ზელენსკი შეხვედრის შემდეგ

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის კავშირი არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა - თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი აგრესიისთვის პასუხი აგოს.

"ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა უფრო და უფრო ძლიერდება. შეერთებულ შტატებსა და უკრაინას აქვთ მსგავსი ღირებულებების სისტემა და პირობის შესრულებისადმი ერთგულება. შეერთებული შტატები ერთგული რჩება უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული აგრესიის წინაშე. ჩვენ ვქმნით თავდაცვის ახალ სტრატეგიულ ჩარჩოს 60 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტით.

ვისაუბრებთ კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხზე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კოვაქსპლატფორმით 2 მილიონზე მეტი ვაქცინა გადასცა და ვაპირებთ მუშაობას რათა უფრო მეტი ვაქცინით ვუზრუნველყოთ," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა პირადად გადავუხადო ორ მილიონზე მეტი ვაქცინის გადმოცემისთვის, ასევე მადლობას გიხდით თავდაცვის სფეროს განვითარების მიზნით 60 მილიონ დოლარიანი პროგრამისთვის. მინდა წუხილი და სამძიმარი გამოვხატო ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული გმირების გამო. თანაგიგრძნობთ რადგან ჩვენც გვაქვს მსგავსი ტრაგიკული დანაკარგი. როგორც იცით 8 წელია დონბასში ომია და ჩვენ 15 ათასი ადამიანი დავკარგეთ," - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები