16 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება

"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება. როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს, თბილისის მერობისა და საკრებულოს კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა, თამარ კეკენაძეს, რომელიც პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარეა, მუშაობის საკმაოდ ფართო გამოცდილება აქვს.

"თბილისის მერობის კანდიდატი "მესამე ძალის მხრიდან" არის თამარ კეკენაძე. თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილების მქონე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, პროექტების მართვის და ხელმძღვანელობის თვალსაზრისით. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატო-ს შორის თავდაცვისა და სამხედრო სფეროში არსებულ თანამშრომლობის პროცესს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე ნატო-ში საქართველოს მისიაში.

მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის. მთელი მისი პროფესიული საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო საქართველოსკენ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ და იმ უამრავი პრობლემის დამარცხებისკენ, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. თამარ კეკენაძე არის პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე და მადლობა მას, რომ ამ საპასუხისმგებლო ბრძოლაში პირადად შედის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები