16 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას, ხალხის გაბითურების მცდელობად აფასებენ

მმართველი გუნდში, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერენ, ხალხის გაბითურების მცდელობად აფასებენ. 

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ანულირებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა, არასწორი პიარული სვლაა.

"ნაციონალური მოძრაობა" არის არათანმიმდევრული, ცრუპენტელა, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად არანაირი ფასი არ აქვს ამ შეთანხმებას, მათ ახლა გადაწყვიტეს მიერთებოდნენ დოკუმენტს. ნათელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ არის წინასაარჩევნო რეჟიმში და როგორც ჩანს, მათი ამოცანა არის 3 ოქტომბრის დესტრუქცია, კარვები და ა.შ,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა აღარ აქვს და სწორედ ამიტომ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა. 

"მე მეჩვენება, რომ რეალურად შექმნილია მდგომარეობა, როდესაც პოლიტიკურ ველზე, ოპოზიციონერები მიხვდნენ, რომ პერსპექტივა არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების და არც იმის პერსპექტივა აქვთ, რომ 3 ოქტომბრიდან რაღაც არეულობა შექმნან. ამის ფონზე კი, სჭირდებათ რაღაც განსხვავებული გეგმა. ამ გეგმის მიზანს კი ისახავს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიცაა დოკუმენტზე ხელმოწერა,"- აღნიშნავს  მიხეილ სარჯველაძე. 

"შარლ მიშელის შეთანხმებიდან" თითქმის 5 თვის შემდეგ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ცოტა ხნის წინ დატოვეს. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სახელმწიფო რისკების შეფასების შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება - თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ მათთვის დოკუმენტში კვლავ მიუღებელია გარკვეული დებულებები.

დღის ამბები