"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმოწერის შესახებ, ოპოზიციურ პარტიებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
ის პარტიები, რომლებმაც დოკუმენტს ხელი თავიდანვე მოაწერეს, ფაქტს აფასებენ და ამბობენ, რომ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს".
"ეს არის იმის აღიარება, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო, როდესაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ. ასევე, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შეცდომის გამოსწორების მცდელობა, იმ შეცდომის, რომელმაც რაღაც საბაბი მისცა "ქართულ ოცნებას" შეთანხმების დატოვების,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
"შეცდომის აღიარება"- ასე აფასებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
რაქვიაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, სანამ სხა პარტიის კრიტიკას დაიწყებენ, მანამდე დაფიქრდნენ, სწორ გადაწყვეტილებას იღებენ თუ არა.
პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა დოლიძე კი აღნიშნავს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა თავიდანვე უნდა მომხდარიყო, მაგრამ დღესაც სწორი გადაწყვეტილებაა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შეთანხმებაზე ხელისმოწერა.
მისივე თქმით, დოკუმენტი არსად გამქრალა და კვლავ ძალაშია ის ვალდებულებები, რომელიც მასშია მოყვანილი.
შარლ მიშელის შეთანხმებიდან" თითქმის 5 თვის შემდეგ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ცოტა ხნის წინ დატოვეს. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სახელმწიფო რისკების შეფასების შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება - თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ მათთვის დოკუმენტში კვლავ მიუღებელია გარკვეული დებულებები.