16 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოების ქმედით მხარდაჭერას - დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანმა არარეზიდენტ ელჩებს ცერემონიების სასახლეში უმასპინძლა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უცხოელ დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.

"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისათვის პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის მცდელობისთვის.

საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ამისაკენ მოუწოდებს სხვებსაც.

ჩვენთვის მიუღებელია წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე შეტევა და ევროპის კონტინენტზე სუვერენული ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა, რაც საქართველოს განუყოფელი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაში გამოიხატა. საქართველო კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოების ქმედით მხარდაჭერას და თავისი პოზიტიური წვლილის შეტანას მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობაში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სულ საქართველოში 24 არარეზიდენტი ელჩი ჩამოვიდა. მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან, შემდგომ კი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს.

 

 

დღის ამბები