16 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ნახავთ სად იქნება გიორგი გახარია არჩევნების შემდეგ, მას სახელი უკვე დავარქვი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას ღალატში ადანაშაულებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ამ საქციელისთვის გიორგი გახარიას შესაბამისი სახელი დაარქვა. 

"თქვენ ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ. და აქედან შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი და ყველამ, მათ შორის პარტიის დამფუძნებელმა მას სახელი დაარქვა და ყველამ, ჩვენმა მოქალაქემ იცის კარგად, რა ჩაიდინა მან.

ღალატია, ის რაც ჩაიდინა მან. მეორე, გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როდესაც საუბრობს გულდაწყვეტით ინსტიტუტის დაკნინებაზე, თუ დანგრევაზე. მე მინდა მოსახლეობას შევახსენო და ჩვენ ამის თაობაზე გუნდის შიგნით არა ერთხელ გვითქვამს, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა პრემიერ მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე და პატარა ბავშვივით გაიქცა, გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას, ეს ერთი და მეორე, ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როცა მან ჩაიყვანა სპეცნაზი პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით და კაცი არ დაუსჯია მას. და მესამე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, მაშინ როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გახსოვთ როცა გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი, შემდეგ გამოვიდა და ვნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის იმ ხალხს, ვისაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს და ა.შ. ასევე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის ის, როდესაც აბსოლუტურად გაუაზრებლად, უგუნურად დაგეგმავ ოპერაციას, ვგულისხმობ გავრილოვის ღამეს ჩატარებულ სპეცოპერაციას, გამოიყვან სპეცნაზს პარლამენტის გარეთ, მაშინ როცა პარლამენტის  შიგნით უნდა ყოფილიყო, აცემინა სამი საათის განმავლობაში, ამას აყურებინა მთელს მოსახლეობას, როგორ ცემდნენ აგრესიული "ნაცმოძრაობის" წევრები ჩვენს პოლიციელებს. ეს არის სირცხვილი და ინსტიტუტის დანგრევა,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები