პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "TV იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" საუბრისას განაცხადა, რომ პარტიული ტელევიზიები აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას - საქმე ეხება 2011 წლამდე პერიოდს.
"როგორც ჩანს აქვთ განზრახვა, რომ როდესაც შეუტევენ ყოფილ თავმჯდომარეს, ამით "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას მოახდენენ. ანონსი ვნახე, აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას და სინამდვილეში აქ საქმე ეხება მაქსიმუმ 2011 წლამდე ჩანაწერებს, რადგან ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის გიგა ჩრდილელი, ეს არის ის ადამიანი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა პირველი წერილში მან გაშიფრა გიგა ჩრდილელი როგორც ვანო მერაბიშვილის აგენტი, ის იყო შეგზავნილი "ქართუში" და ასეთი ადამიანის აუდიო ჩანაწერები აქვთ ახლა გამოტანილი.
ამაში, რომ იყოს რამე მაკომპრომეტირებელი, 2011-12 წლებში პირველ რიგში გამოიყენებდნენ, 10 წელი ამას არ შეინახავდნენ. აქედან ჩანს, რომ აბსოლუტურად უსუსურია მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ განახორციელონ დისკრედიტაცია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.