რა გამოხმაურებები მოჰყვა თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას და აპირებენ თუ არა ნარკოტესტის ჩატარებას დედაქალაქის მერობის სხვა კანდიდატები - პარტია ”ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე ინიციატივას ღირსების შემლახავს უწოდებს და მის შესრულებას არ აპირებს.
"ამ მეთოდის გამოყენება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ არის დაუშვებელი, არის ღირსების შემლახავი. მოიცავს საფრთხეს, რომ ის კადრები, რომელსაც გადაიღებენ უკაცრავად და მოშარდვის დროს, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება ამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, შესაბამისად, მე არ ვაპირებ ამ მოთხოვნის შესრულებას და მოვუწოდებ, პოლიტიკური ფლირტაობის ნაცვლად ხელისუფლებამ მიხედოს საქმეს და ეს მოძველებული და ღირსების შემლახავი მეთოდი შეცვალოს," - აღნიშნა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, კახა კალაძე, რომელმაც ნარკოტესტი ჩააბარა, კონკურენტებს იმავეს მოუწოდებს. "სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის" - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნარკოტესტის ჩაბარების შემდეგ ისაუბრა.