საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მხარდაჭერილია, თუმცა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ. ახლა დეპუტატებმა მასზე მსჯელობა უკვე პლენალური სხდომის ფორმატში უნდა განაგრძონ. ხელისუფლება და ოპოზიცია განხილვას ხვალიდან დაიწყებს.
3 ცვლილებიდან მთავარი განსახილველი თემა - გენერალური პროკურორის არჩევნის წესია. დღეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დახურული კონსულტაციის შემდეგ გაირკვა, რომ "ქართული ოცნებისთვის" ცვლილებებით გათვალისწინებული არჩევის წესი მიუღებელია.
არგუმენტებს და დასაბუთებას მმართველი პარტია ოპოზიციისგან საკონსტიტუციო ცვლილების იმ ჩანაწერთან დაკავშირებით ელოდება, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება. მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის არჩევის წესზე აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. ნაწილისთვის გენერალური პროკურორის 90 ხმით არჩევა მიუღებელია, ნაწილი კი ძველი წესის დატოვებას ეწინააღმდეგება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომამდე მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციას დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო უმრავლესობისთვის გენერალური პროკურორის არჩევის წესი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებდა მიუღებელია.
ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ახალი ჩანაწერი, მხოლოდ გენერალური პროკურორის არჩევას არ ეხებოდა. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2 პროცენტიანი ბარიერით ჩატარება და პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად წევრთა რაოდენობის შემცირება ის ცვლილებებია, რომელიც აღარ გადაიხედება.