16 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
კახისთან შეხვედრა არ უარვყავი, მაგრამ ვერც სიმართლეს ამბობს და ტყუილსაც უნდა თავი აარიდოს - გიორგი გახარია

თბილისის მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" ეთერში მოქმედ მერთან და ასევე მერობის კანდიდატთან, კახა კალაძესთან შეხვედრაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მას არ უარყვია კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი. 

"კახასთან შეხვედრა მე არ უარვყავი, მე უარვყავი ის ტყუილები, რასაც ლაპარაკობდნენ მისი კოლეგები. იქ ბევრი ჟურნალისტი იყო და იყო კითხვა, კახა კალაძეს შეხვდით თუ არა და საუბარი იყო ფულზე თუ არა - აი, ეს რეპლიკები იყო და, რა თქმა უნდა, მე ვუპასუხე, რომ ეს იყო ტყუილი.

რაც შეეხება რეალობას, ეს იყო მარტივი - თქვენ შესავალში თქვით, რომ ფარულად შეხვდაო, როგორ წარმოგიდგენიათ, დილით, 11 საათზე, მერიაში, მერის კაბინეტში და ფარული?! რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ამომრჩეველი ზუსტად შეაფასებს იმას, რაც მე გავაკეთე - მარტივი საკითხი იყო, მე მივედი ჩემს კოლეგასთან, რომელთან ერთადაც 7 წელი ვიმუშავე და ვუთხარი, რომ არ მინდა, კახა, რომ ტელევიზორიდან გაიგო, რომ მე და შენ დღეიდან ვიქნებით კონკურენტები. მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება შეცდომა დავუშვი-მეთქი. შეცდომა იმაში კი არ დავუშვი, რომ მივედი, დავუშვი იმაში, რომ მეგონა, რომ კახა მიხვდებოდა, ორ კაცს შორის საუბარი მესამე პირების ჭორიკნობის საკითხი არ უნდა გამხდარიყო, თან ტყუილების ნაწილში. მე, უბრალოდ, გავაკეთე ის, რაც ჩავთვალე ღირსების და კოლეგიალობის საკითხად, პატივისცემა გამოვხატე ასე. კითხვა იმან კი არ გააჩინა, რატომ არ დავრეკე და რატომ მივედი, კითხვა გააჩინა იმან, რომ კახა დღეს ვერც სიმართლეს ამბობს ბოლომდე და ტყუილსაც, რაღაცნაირად, უნდა თავი აარიდოს. სიმართლე უნდა თქვას, რომ იქ არაფერი იყო, და იყო მხოლოდ ორ ადამიანს შორის საუბარი,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ტყუილია ის, რაზეც ისაუბრა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომ თითქოს მან, შუამავლის მეშვეობით, კახა კალაძეს ფულის სანაცვლოდ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა შესთავაზა. 

"ეს არის ის ტყუილი, რომელზეც კახა ცდილობს რაღაცნაირად რომ თავი აარიდოს, და მერე ამბობს, რომ ჩემთან ამაზე საუბარი არ ყოფილაო, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე არ ტყუისო, თითქოს პარტიის თავმჯდომარე ლენინი იყოს. ამაზე წერტილს დავსვამ. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები